კონკურსები



ვიდეოკონკურსი „არა კიბერბულინგს!“

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს ვიდეოკონკურსს სახელწოდებით „არა კიბერბულინგს!“.

კიბერბულინგის დეფინიცია:

კიბერბულინგი , იგივე ონლაინბულინგი ან კიბერდევნა ნიშნავს დაცინვას, შეურაცხყოფას, ადევნებას და სიტყვიერ ან ფსიქოლოგიურ ძალადობას, რომელიც გარკვეული რეგულარობით ხორციელდება ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მეშვეობით. კიბერბულინგის მსხვერპლი გახლავთ პირი ან პირთა ჯგუფი, რომელსაც ამცირებენ, აშანტაჟებენ ან აშინებენ ძალადობრივი სახის ციფრული შეტყობინებების, კომენტარების და/ან პირადი სახის არასათანადო, დამამცირებელი და/ან პირადული შინაარსის ვიდეოების, ფოტოების ან კომენტარების გავრცელებით სოციალურ ქსელში.

კონკურსის პირობები:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა საჯარო სკოლის VII-XII კლასის მოსწავლეს ან მოსწავლეთა ჯგუფს. ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 წუთს და გრძელდებოდეს არანაკლებ 3 წუთისა. ვიდეოს გადაღება უნდა მოხდეს ნებისმიერი საგნის მასწავლებლის, ან მასწავლებელთა ჯგუფის ჩართულობით. საკონკურსო ვიდეოები უნდა აიტვირთოს ვებპორტალზე https://www.youtube.com/ და ბმული გაზიარდეს ელექტრონულ მისამართზე nocyberbullying2019@gmail.com *. ბმულების მიღება გაგრძელდება მიმდინარე წლის 1 ივლისის ჩათვლით (დასაშვებია ანიმაციური ხასიათის ვიდეობიც).

ვიდეოს შინაარსი:

ვიდეო უნდა მოიცავდეს კიბერბულინგის და მასთან დაკავშირებული საფრთხეების თემატიკას, მოზარდების ურთიერთობას ციფრულ სივრცეში და ამ ურთიერთობების ეთიკას.

ვიდეოს შეფასების კრიტერიუმები:

1. თემასთან კავშირი

2. საკითხის სიმწვავე

3. მოსწავლეთა ჩართულობა

4. მასწავლებელთა ჩართულობა

5. ვიდეოგადაღების ხარისხი

6. ხმის ხარისხი/სმენადობა

7. მხატვრული მხარე/გამომსახველობითობა

8. ხანგრძლივობის პირობასთან შესაბამისობა.

*შენიშვნა: სხვა სახით გაზიარებული ვიდეოების განხილვა არ მოხდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს კონკურსს სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების მიზნით!


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს 2017 წელს დაწყებული პროგრამის განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარებას.

საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, სკოლის ასაკში პროფესიული უნარების გამომუშავება მნიშვნელოვნად ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, ხელს უწყობს მათი აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას და ეხმარება მოზარდებს განათლების შემდგომ საფეხურზე ეფექტურ გადასვლაში. სწორედ ამ მიზნით, სამინისტრო აცხადებს კონკურსს საუკეთესო პროექტების გამოსავლენად!

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებულ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს. დაინტერესების შემთხვევაში, აღნიშნულმა დაწესებულებებმა, საჯარო სკოლასთან/სკოლებთან უნდა გააფორმონ თანამშრომლობის მემორანდუმები და მასთან/მათთან თანამშრომლობით მოამზადონ საკონკურსო განაცხადი/განაცხადები (იხ. დანართი: საკონკურსო განაცხადის ფორმა, დანართი) და წარმოადგინონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

საკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 22 მარტი.

კონკურსი საშუალებას აძლევს განათლების ყველა საფეხურის საგანმანათლებლო დაწესებულებას, გაერთიანდნენ და ურთიერთთანამშრომლობის გზით, ჩვენი მოსწავლეების სასკოლო ცხოვრება გახადონ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი.

2017 წელს განხორციელებული პროგრამის ფარგლებში, 138 საჯარო სკოლის 3300-მა მოსწავლემ გაიარა პროფესიული უნარების კურსები. გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელებულმა მონიტორინგისა და შეფასების პროცესმა ცხადყო, თუ რამდენად დიდია სკოლის მოსწავლეთა მოტივაცია და ინტერესი პროგრამის მიმართ.

კურსების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში გთხოვთ, იხელმძღვანელოთ შემოთავაზებული გზამკვლევით.

შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზს: 2 200 220

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გისურვებთ წარმატებას!

თეატრალური კონკურსი „ჩემი პირველი ქართული როლი“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების მოსწავლეებისთვის აცხადებს ქართულენოვანი სპექტაკლების კონკურსს სახელწოდებით „ჩემი პირველი ქართული როლი“. სპექტაკლები შეიძლება ნებისმიერი ლიტერატურული ნაწარმოების, ან საკუთარი სცენარის მიხედვით დაიდგას.
კონკურსის მიზანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის სახელმწიფო ენაზე სამეტყველო კომპეტენციების განვითარება, შემოქმედებითი უნარების გამოვლენა. სპექტაკლის მომზადების პროცესში მაქსიმალურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი მოსწავლეთა ჩართულობა ისეთ აქტივობებში როგორიცაა: სცენარის დამუშავება, რეჟისურა, მუსიკალური გაფორმება და სხვა.

კონკურსის პირობები:
• კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ საქართველოს არაქართულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების VIII-XII კლასის მოსწავლეებს;
• სკოლას შესაძლებლობა აქვს წარმოადგინოს არაუმეტეს 1 სპექტაკლისა;
• სკოლას უფლება აქვს სპექტაკლის დასადგმელად მოიწვიოს შესაბამისი დარგის პროფესიონალი/პროფესიონალები;
• სპექტაკლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 45 წუთს;
კონკურსის ეტაპები:

კონკურსი ჩატარდება 3 ეტაპად: სასკოლო, მუნიციპალური და დასკვნითი ტურები.

• სკოლების მიერ სპექტაკლის დადგმა და ვიდეო ჩანაწერის შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრისთვის მიწოდება - არაუგვიანეს 2018 წლის 1 მარტისა;


• საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ მუნიციპალურ ტურში გამარჯვებული 2 საუკეთესო სპექტაკლის გამოვლენა და ვიდეოჩანაწერების მიწოდება სამინისტროსთვის -არაუგვიანეს 2018 წლის 10 მარტისა;


• სამინისტროში შექმნილი ჟიურის მიერ გამარჯვებულების გამოვლენა - არაუგვიანეს 2018 წლის 15 მარტისა;


• პირველ ადგილზე გასული სპექტაკლის საჯარო ჩვენება და გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალი-არაუგვიანეს 2018 წლის 14 აპრილისა.






საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით შექმნილი კომპეტენტური ჟიური, განიხილავს საკონკურსო ვიდეო ჩანაწერებს და გამოავლენს გამარჯვებულებს შემდეგნაირად: I, II, III ადგილზე გასული სპექტაკლი და ჟიურის სიმპათია. გამარჯვებული სკოლები დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და ფულადი პრიზებით.







შეფასების კრიტერიუმები


1. წარმოდგენის ლექსიკურად გამართული ტექსტური ნაწილი;


2. ორიგინალობა;


3. სამსახიობო შესრულება;


4. მუსიკალური ან/და ქორეოგრაფიული კომპონენტი.